ტრენინგები

                              ტრენინგის ანგარიში                                                                                                ტრენინგის დასახელება:   კომუნიკაციის პროცესი და მოსწავლეთა მოტივაცია.  ტრენინგის ადგილი:     ქუთაისის მასწავლებლის სახლი                            
ჩატარების დრო:        2013 წლის თებერვალი                                                     
ტრენერი:          ნინო ჩიხლაძე                                                                                      მიზანი:              მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, მოსწავლეებთან ეფექტური კომუნიკაცია, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება.                       
რეზიუმე:     ტრენინგი მიმდინარეობდა 2 დღის განმავლობაში ტრენინგის დასაწყისში ტრენერი გაგვეცნო, გაგვაცნო დღის წესრიგი, ტრენინგის მიზანი და მნიშვნელობა. გაგვაცნო ეფექტური კომუნიკაციის სახეები, აქტიური მოსმენა, კომუნიკაციის გაუმჯობესება კლასში, კითხვის დასმის ტექნიკა, მშობლებთან და კოლეგებთან კომუნიკაციის გაუმჯობესება. განვიხილეთ სავარჯიშო 1, რომელიც წარმოადგენს არაეფექტური და არასასურველი კომუნიკაციის ნიმუშს, სადაც მასწავლებელი მოსწავლეებთან კომუნიკაციის დასამყარებლად უშვებს არაერთ უხეშ შეცდომას:     
1) მიმართავს მხოლოდ წარმატებულ მოსწავლეებს,                                                             2)მოსწავლეებს მიმართავს გვარით,  
3)იყენებს სარკაზმს და მკაცრ ტონს,                                           
4) არ განმარტავს უცხო სიტყვებს,  
5) არა არის ორიენტირებული ხარისხზე, მაგრამ ორიენტირებულია დროზე,
 6) კლასი არ არის აქტიური მსმენელი, 
7)კლასი არ არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში.  
       ამ შეცდომების გამო მასწავლებლის კომუნიკაცია კლასთან არაეფექტურია. ამ პრობლემების გადასაჭრელად დავსახეთ გადაჭრის გზები.   სავარჯიშო 2 ეხებოდა კლასში უცხო ტერმინოლოგიის გამოყენებას, რომლის განხილვის შემდეგ გამოვიტანეთ დასკვნა, რომ მასწავლებელმა ეტაპობრივად უნდა მიაწოდის მოსწავლეებს ახალი ტერმინოლოგია და მისცეს თითოეული ახალი სიტყვის განმარტება.
     განვიხილეთ კომუნიკაციის სახეები: ვერბალური, არავერბალური, წერილობითი და მათთან დაკავშირებული სავარჯიშოები. განსაკუთრებით გასათვალისწინებელია სავარჯიშო3, სადაც მასწავლებელი მშობლის მიმართ პატივისცემას გამოხატავს, ყურადღებას ამახვილებს მოსწავლის  ჯერ დადებით მხარეზე, სთხოვს მშობელს დახმარებას მოსწავლის სუსტი მხარეების ერთობლივ აღმოფხვრაში და ცდილობს მშობელთან ერთად დასახოს პრობლემის გადაჭრის გზა. რასაკვირველია, ასეთი კომუნიკაცია მშობელს უქმნის მოტივაციას დაამყაროს ხშირი კონტაქტი მასწავლებელთან, რაც მოსწავლის სწავლის შედეგზე დადებითად აისახება.  განხილული იქნა აგრეთვე თუ რა ფაქტორებმა შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტი მშობელსა და მასწავლებელს შორის და როგორ შეიძლება დავძლიოთ იგი. ასეთი  კონფლიქტი შეიძლება გამოიწვიოს  როგორც ობიექტურმა, ისე სუბიექტურმა  ფაქტორებმა. არანაკლებ მნიშვნელოვანია დავამყაროთ კოლეგებთან ეფექტური კომუნიკაცია, რაც უპირველეს ყოვლისა მოსწავლეების ინტერესებს ემსახურება. სასკოლო ცხოვრებაში არის შემთხვევები, როდესაც კოლეგისთვის არასასიამოვნო ამბის თქმა გვიწევს. ასეთ შემთხვევაში ემპათია მნიშვნელოვანია.                          
       ტრენინგის მეორე დღე დაიწყო წინა დღის სავარჯიშოების განხილვით. ტრენერმა სშინაო დავალების რამდენიმე განსხვავებული ნიმუში განიხილა და მოგვცა კვალიფიციური რჩევები. შემდეგ გვესაუბრა მოტივაციაზე, რომელიც განისაზღვრება, როგორც შინაგანი მდგომარეობა, რომელიც აღძრავს, წარმართავს და უზრუნველყოფს ქცევას. იმის მიხედვით, თუ რა აღძრავს ადამიანის ინტერესს, რა განაპირობებს მის ქცევას, განასხვავებენ მოტივაციის ორ ფორმას შინაგან და გარეგან მოტივაციას. თანამედროვე კვლევები ცალსახად მხარს უჭერენ ისეთი სასწავლო გარემოს შექმნას, სადაც მოსწავლეს სწავლის შინაგანი მოტივაცია გააჩნია. სამწუხაროდ,ყოველთვის ასე არ ხდება და სწავლა მოსწავლეებში დიდ აღფრთოვანებას არ იწვევს. ამიტომ გასათვალისწინებელია მთელი რიგი ფაქტორები მიზნის მისაღწევად-მასწავლებლის მოლოდინების გასამართლებლად. ეს ფაქტორებია: კოგნიტური ფაქტორები, გარემო პირობებთან დაკავშირებული ფაქტორები, განმტკიცებასთან დაკავშირებული ფაქტორები.      
      გავარჩიეთ აბრაამ მასლოუს მოტივაციის იერარქიული თეორია( განვიხილეთ თუ როგორ უნდა გავითვალისწინოთ მასლოუს თეორია საგანმანათლებლო სისტემაში), ბიევიორისტული და კოგნიტური მიდგომები. საინტერესო იყო აღნიშნულ თემასთან დაკავშირებული სავარჯიშოებზე ჯგუფური მუშაობა. ვისაუბრეთ წარმატებისა და წარუმატებლობის მიზეზებზე, თუ რა გავლენას ახდენს მოტივაციაზე პიროვნული ფაქტორები: თვითგანსაზღვრა, მიზნები, ინტერესები და ემოციები, საკუთარ შესაძლებლობებში რწმენა. ტრენერმა მოგვცა რეკომენდაციები მოსწავლეებში ინტერესისა და ცნობისმოყვარეობის გასაღვივებლად, შფოთვის შესამცირებლად, თვითეფექტურობისა და თვითღირებულების ასამაღლებლად.                                    გავლილი ტრენინგი მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო მასში მონაწილე პედაგოგებისთვის.  ვფიქრობ, რომ ტრენერისაგან მიღებული კვალიფიციური რჩევები და რეკომენდაციები ჩემს ყოველდღიურ პედაგოგიურ პრაქტიკაში ძალიან დამეხმარება. ამ ღონისძიებით მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას აქტიურად გამოვიყენებ  მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან და კოლეგებთან  ეფექტური კომუნიკაციის დასამყარებლად და მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად.
ბ.გელხვიიძე
1.03.2013წ.

Комментариев нет:

Отправить комментарий